ქორწინების რეგისტრაცია საქართველოში

5

ქორწინების რეგისტრაცია საქართველოში

მეგობრებო, თქვენ ხშირად კითხულობთ, როგორ ხდება ქორწინების რეგისტრაცია საქართველოში, თუ მექორწინეები უცხოელი მოქალაქეები არიან. რეგისტრაციის პროცედურა საკმაოდ მარტივია. ჩვენი სააგენტო დაგეხმარებათ დოკუმენტების მომზადებაში, დეტალების გათვალისწინებაში და ასევე თარჯიმნის როლში მოგევლინებათ.

იმისთვის რომ უცხოელმა მოქალაქეებმა აქართველოში ქორწინების მოწმობა გააფორმონ, საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • მექორწინეების პასპორტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. იგი არ კეთდება ქორწინების სახლში და წინასწარ უნდა იყოს მომზადებული.
  • თუ მოწმეებიც უცხოელი მოქალაქეები არიან, მაშინ მოწმეების პასპორტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. თუ მოწმეები საქართველოს მოქალაქეები არიან, საკმარისია მათი პირადობის მოწმობები.

თუ მექორწინეებისგან რომელიმე ადრე იყო დაქორწინებული, ასევე დასჭირდება განქორწინების მოწმობა, რომელიც არის ქართულ ენაზე ნათარგმნი (დსთ-ს ქვეყნის მოქალაქე თუა) და აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული (არა დსთ-ს ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში).

ქორწინების რეგისტრაციისას საქართველოს მხარე არ ამოწმებს, იმყოფება თუ არა რომელიმე მექორწინე კანონიერ ქორწინებაში სხვასთან. თქვენ სიტყვაზე გენდობიან, ტყუილის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად ამ პიროვნებას დაეკისრება.

თუ მექორწინეებს საერთო შვილი(ები) ჰყავთ, მათი დაბადების მოწმობაც უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე თარგმანსა და აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებულიც.

ქორწინების სახლი თუ იუსტიციის სახლი?

ქორწინების რეგისტრირება ხდება ქორწინების სახლში ან იუსტიციის სახლში. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ქორწინების სახლში გექნებათ საზეიმო ცერემონია რეგისტრატორ ქალბატონსა და შამპანურთან ერთად. რეგისტრატორს ასევე შეუძლია, მოვიდეს თქვენს მიერ შერჩეულ ადგილას: რესტორანში, სასტუმროში თუ ქალაქგარეთ. ამ შემთხვევაში თქვენ დამატებითად იხდით მისი ტრანსფერის საფასურს. ეს მომსახურება უნდა დაჯავშნოთ წინასწარ, სასურველია რამდენიმე კვირით ადრე, თუ ეს ზაფხული-შემოდგომის სეზონია. ასევე, გადასახდელი თანხა ქორწინების სახლში არის უფრო მაღალი უქმე დღეებში, ვიდრე სამუშაო დღეებში.

თუ თქვენ გადაწყვეტთ სიღნაღში მოაწეროთ ხელი, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს. თუმცა აქაც აუცილებელია წინასწარ შეთანხმება ადმინისტრაციასთან.

ქორწინების სახლისგან განსხვავებით, იუსტიციის სახლში არ არის საჭირო წინასწარ ჩაწერა. თქვენ უნდა მობრძანდეთ დილის 9 საათიდან დღის 3 საათამდე, შეავსოთ განაცხადი (ამ დროს მოწმებიის პასპორტები თან უნდა გქონდეთ), შემდეგ 2-3 საათში თქვენ SMS-შეტყობინება მოგივათ იმის შესახებ, რომ განაცხადი არის განხილული და დაკმაყოფილებულია. მაშინ ისევ უნდა მობრძანდეთ იუსტიციის სახლში და აიღოთ მზა მოწმობა ქართულ ენაზე. ეს მომსახურება არის უფასო. ახლა იქვე იუსტიციის სახლში უნდა თარგმნოთ იგი თქვენს სასურველ ენაზე.

ქორწინების მოწმობის დამოწმება

დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებს არ სჭირდებათ საქართველოში გაცემული ქორწინების მოწმობის დამატებითი დამოწმება. თუ არ ხართ დსთ-ს ქვეყნების მოქალაქე, ან მუდმივად ცხოვრობთ მის საზღვრებს გარეთ, დაგჭირდებათ აპოსტილის ან ლეგალიზაციის გაკეთებაც. ესენი არის სახელმწიფოს მიერ ოფიციალური საბუთის დამოწმება. უნდა გაკეთდეს ამათგან ერთ-ერთი. ზოგი ქვეყანა ითხოვს აპოსტილს, ზოგი კიდევ – ლეგალიზაციას. თქვენ რომელი გჭირდებათ, შეგიძლიათ ჩვენთან დააზუსტოთ, ან პირდაპირ იუსტიციის სახლს მიმართოთ ამ შეკითხვით.

იმ შემთხვევაში, თუ აპოსტილი გჭირდებათ, თქვენი ქორწინების მოწმობას აბარებთ იუსტიციის სახლში და 8 სამუშაო დღეში ღებულობთ მზა საბუთს. ამით პროცედურა მთავრდება, მოწმობა არის ნამდვილი თქვენი სახელმწიფოსთვის. აპოსტილს ითხოვს მაგალითად აშშ, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი.

თუ თქვენ დაგჭირდებათ ლეგალიზაცია, ეს ისევ უნდა გაკეთდეს იუსტიციის სახლში, თუმცა ამით დამოწმების პროცედურა არ მთავრდება. თქვენ უნდა დაუკავშირდეთ თქვენი ქვეყნის საკონსულოს, რომელიც საქართველოს ფარავს, და დამატებითი დამოწმებისთვის იქაც წარადგინოთ თქვენი მოწმობა. მხოლოდ ამის მერე მოწმობა იქნება აღიარებული თქვენი ქვეყნის მიერ. ლეგალიზაციას ითხოვს არაბთა გაერთიანებული საამიროები, არაბეთის სხვა ქვეყნები და ა.შ.

დაგრჩათ კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით? მოგვწერეთ მეილზე pr@weddingingeorgia.ge, ჩვენ ამომწურავ პასუხს გაგცემთ!